Wednesday, January 23, 2013

საფრანგეთში, ანჟეს უნივერსიტეტის დირექტორის ფილიპ ვიოლიეს და უნივერსიტეტის პროფესორის ჟან მიშელ მონიეს მიწვევით, 1 თებერვალს, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავჯდომარე და საერთაშორისო ექსპერტი ანა გოდაბრელიძე ქართული ღვინისა და ვაზის შესახებ ლექციას წაიკითხავს. 
უნივერსიტეტში გამართულ მასტერკლასს პროფესორები, რეგიონის მეწარმეები, მეღვინეები და 15 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები დაესწრებიან, რომლებიც სამაგისტრო კურსს ღვინის და ტურიზმის, ღვინის დილერის, ღვინის გასტრონომიის და ტურიზმის, რესტორნის მენეჯერის, სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერების ფაკულტეტებზე გადიან. 
მასტერკლასზე, ანა გოდაბრელიძე მსმენელებს ისეთ საკითხებს გააცნობს, როგორიცაა: ქართული ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის რეგიონები, ქართული ტრადიციული ტექნოლოგია და ქართული ღვინის პერსპექტივები. ლექციის ბოლოს ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართება.
ანჟეს უნივერსიტეტი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია, რომლის კურსამთავრებულებიც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების, სასტუმროების, სუპერმარკეტების, ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები არიან.


Tuesday, January 15, 2013

ბოლო დროს ლამის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ქართული ღვინის პიარ-აქციების ფონზე საინტერესოა ღვინის მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციის და ტენდენციების განხილვა. ბაზრის, რომელიც საკმაოდ გადატვირთული გახლავთ და რომელზეც დამკვიდრებას სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს.
უმსხვილესი მწარმოებლები
ღვინის მწარმოებელ ათი უმსხვილესი ქვეყანა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, გერმანია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, პორტუგალია და ჩილე გახლავთ. წამყვანი ექსპორტიორები იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრალია და ჩილე, იმპორტიორები კი დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, იაპონია და ნიდერლანდები არიან.\
გასული წლის მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი კომპანია ამერიკული Constelation Brands არის, რომელმაც ხუთი მილიონ ჰექტოლიტრამდე ღვინო ჩამოასხა. მას ცოტათი ჩამორჩნენ ასევე ამერიკული კომპანიები E&J Gallo და The Wine Group და ფრანგული Castel Freres. მათ შემდეგ უნდა მოვიხსენიოთ ფრანგული Grand Chais de France, ბრიტანული Allied Domecq, რომელიც თავის ბიზნესს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, არგენტინასა და ესპანეთში აწარმოებს, და ავსტრალიური Southcorp.
სამომხმარებლო ბაზრის შესწავლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სულ გასულ წელს მსოფლიოში წარმოებულ იქნა 300 ჰექტოლიტრამდე ღვინო, ხოლო ღვინის მსოფლიო ბაზარზე საქონელთბრუნვამ 107 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპერტთა აზრით, წელს ბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება და დაახლოებით 113 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ანალიტიკოსთა აზრით, ღვინის მსოფლიო ბაზრის ზრდას ახალი ბაზრების, განსაკუთრებით ჩინურის და ზოგადად აზიურის, გაფართოება განაპირობებს. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ლუდის ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის მოდელის შეცვლას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ავსტრალიასა და სკანდინავიის ქვეყნებზე უნდა ითქვას. ამასთან, სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება წითელ ღვინოს, როგორც ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტს. უკანასკნელ წლებში მისმა წარმოებამ 12 პროცენტით მოიმატა.
დანარჩენი მსოფლიო ევროპის წინააღმდეგ
აღსანიშნავია, რომ ღვინის მსოფლიო ბაზარზე ფრანგი, იტალიელი და ესპანელი მწარმოებლების წილმა მათი ამერიკელი, ავსტრალიელი, არგენტინელი, ჩილელი და სამხრეთ აფრიკელი კონკურენტების ხარჯზე იკლო. ამის ძირითადი მიზეზი განსხვავებულ მიდგომაშია: თუ ევროპელებისათვის მეღვინეობა მთელი რეგიონების ცხოვრების სტილი, უძველესი ტრადიციებისადმი თაყვანისცემაა, ბებერი კონტინენტის ყოფილი კოლონიებისათვის მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესია და უმთავრეს მნიშვნელობას წარმოების ეფექტურობას და მარკეტინგს ანიჭებენ.
ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ევროპული და არაევროპული ბაზრის სტრუქტურა პრინციპულად განსხვავებულია. ექსპერტთა მონაცემებით, ღვინის ხუთი უმსხვილესი მწარმოებელი ბაზრის მხოლოდ 8 პროცენტს აკონტროლებს. და ეს მაშინ, როცა ამდენივე უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიას ბაზრის 27 პროცენტი აქვს ათვისებული. ამის მთავარი მიზეზი ევროპულ კომპანიათა დაქსაქსულობაა. მარტო საფრანგეთში 250 ათასამდე ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, ავსტრალიაში კი ბაზრის 75 პროცენტს ოთხი მსხვილი კომპანია: Southcorp, BRL Hardy, Orlando Wyndham და Be-ring Blass აკონტროლებს. როგორც წესი, ევროპელთაგან განსხვავებით, ოკეანისგაღმელი კომპანიები შერწყმათა საშუალებით გიგანტი კორპორაციების შექმნისაკენ ისწრაფვიან.
ყველაზე მსხვილი ღვინის ბაზარი ამერიკულია, მის 77 პროცენტს ადგილობრივი წარმოების სასმელი შეადგენს, დანარჩენს კი იმპორტული. ამერიკაში ღვინის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან: იტალია, ავსტრალია, საფრანგეთი, ჩილე და ესპანეთი. თავის მხრივ, აშშ თავისი ღვინის იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და კანადაში ექსპორტს აწარმოებს.
ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი
იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის ტრადიციულ ღვინის ბაზრებზე მოხმარებული სასმელის რაოდენობა თანდათანობით კლებულობს. საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყნებში ახალგაზრდები ღვინოს ისე რეგულარულად არ ეწაფებიან, როგორც მათი წინაპრები. ამის ერთ-ერთი მიზეზი ანტინიკოტინური და ანტიალკოჰოლური კამპანია, თამბაქოს ნაწარმისა და სპირტიანი სასმელების რეკლამის აკრძალვა და გამკაცრება გახლავთ. დღეს მხოლოდ ფრანგთა 37 პროცენტი იმაჭრიანებს ყელს რეგულარულად, მაშინ, როცა 1980 წელს ეს მაჩვენებელი 67 პროცენტს აღწევდა.
მცირდება ექსპორტი მეღვინეობის ტრადიციული ქვეყნებიდან. საფრანგეთის ღვინის და მაგარი სასმელების ასოციაციის ინფორმაციით, შარშან ფრანგული ღვინის ექსპორტმა 7 პროცენტით მოიკლო. იტალიელ ფერმერთა კავშირის ცნობით კი, ამ ქვეყნიდან ღვინის ექსპორტი 5,5 პროცენტით შემცირდა. სამაგიეროდ, ჩილური ღვინის ექსპორტი მთელი 13 პროცენტით, ამერიკულის 29-ით, ავსტრალიურის კი 11 პროცენტით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო იზრდება ძვირფასი ღვინის სექტორი. ევროპაში ეს ტენდენცია განსაკუთრებით ნათლად სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ვლინდება. თუ ევროპელი მეღვინეებისათვის ძვირფასი ღვინო ტრადიციული პროდუქტია, ოკეანისგაღმელი მწარმოებლებისათვის იგი ბიზნესის ახალი მიმართულება გახლავთ, რომლის საშუალებითაც ისინი შემოსავლის გაზრდას ცდილობენ. ბოლო დროს ამერიკელმა, არგენტინელმა, ჩილელმა და ავსტრალიელმა მეღვინეებმა სულ უფრო
გაზარდეს Premium-ის სეგმენტის პროდუქტის წარმოება, თანაც, ამისათვის ხშირად განთქმულ ევროპულ ბრენდებს იყენებენ და მათ უფრო იაფად აწარმებენ, ვიდრე ბებერ კონტინენტზე.
ცხადია, ევროპელ მეღვინეებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ცნობილი ყურძნის ჯიშის დასახელებებში მოხსენიების მიმართ ვერაფერს გააწყობენ, რადგან ოკეანისგაღმელები აცხადებენ, რომ აღნიშნული ჯიშები სხვაგანაც იზრდება. სამაგიეროდ, ევროპელებმა გარკვეულწილად მიაღწიეს უცხოური წარმოების ღვინოების დასახელებაში „გეოგრაფიული ინდიკატორების“, როგორებიცაა „შამპანური“, „პორტო“, „ჰერესი“ და ა.შ. გამოყენების შეზღუდვას. თუმცა, ოკეანისგაღმელებმა სხვა სახელები მოიფიქრეს, მაგალითად, „ნახევრადჩევულებრივი“, თანაც, ბევრი არ ეპუება და აცხადებს, რომ ნებისმიერი დასახელების გამოყენების უფლება აქვთ.
სიტუაციის გამოსასწორებლად ევროპელ ღვინისმწარმოებლებში ფართოდ გავრცელდა ტერმინი «კომერციული ღვინო». ისინი ცდილობენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შედარებით იაფი, „მასობრივი“ სასმელის გამოშვებას მიაღწიონ. ამასთან, იძულებული არიან ბევრი „ტაბუ“ გააუქმონ. მაგალითად, თვით ფრანგული „ბორდოს“ მწარმოებლები უკვე გვირჩევენ ხორცთან და თევზთან ნებისმიერი მარკის ღვინოს შევექცეთ და არა განსაკუთრებულს.
ზემოთ ჩამოთვლილი ათი წამყვანი ღვინისმწარმოებელი ქვეყნის გარდა სულ უფრო და უფრო აფართოებენ თავიანთ წარმოებას ამ თვალსაზრისით შედარებით წვრილი ქვეყნები. ესენი გახლავთ: ევროპაში: ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუსეთი; აზიაში: ჩინეთი და ინდოეთი; ამერიკაში:
მექსიკა და ბრაზილია; ისინი ძირითადად ახალი ტექნოლოგიების ათვისებით და ამერიკელთა და ავსტრალიელთა გამოცდილების გაზიარებით, იაფი, „მასობრივი“ ღვინოს წარმოებას ცდილობენ. ცხადია, მათ ნაწარმს ბევრგან ჯერჯერობით გარკვეული ეჭვით უყურებენ, მაგრამ როცა ერთი ბოთლი ღვინო 1,5 დოლარი ღირს, მყიდველი მაინც ჰყავს. თანაც, სულ უფრო ხშირად გორდება პიარ-კამპანია, რომ იაფი ღვინო ძვირფასზე არანაკლებ ხარისხიანი და მარგებელია.
იაფი რუსული ბაზარი
ქართულ ღვინოზე რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების და ჩვენებურ მეღვინეთა მიზნად რუსეთის ბაზარზე დაბრუნების გახდომის შემდეგ, განსაკუთრებით საინტერესოა, ამ ქვეყნის ბაზარზე არსებული სიტუაცია.
თავად რუსეთს ელიტარული ღვინის წარმოების საშუალება არ აქვს, ამიტომ, აქცენტს „მასობრივ ღვინოზე“ აკეთებს. საერთოდ, რუსული ბაზრის 80 პროცენტი იაფასიან ღვინოს აქვს დაპყრობილი, რომელიც ერთი ბოთლი 3-4 დოლარი ღირს. ჯერ ერთი, რუსი მომხმარებლის შემოსავალი საკმაოდ დაბალია და ამასთან, მისი
ფსიქოლოგია დასავლელისას მთელი 20-30 წლით ჩამორჩება. ამიტომაცაა, რომ რუსეთში იმპორტირებული ღვინის მხოლოდ 15-20 პროცენტია „ელიტარული“. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში ძვირფასი ღვინოების იმპორტი ბოლო დროს თანდათანობით, უმეტესწილად დიდი ქალაქების ხარჯზე იზრდება.
რუსულ ბაზარზე იმპორტირებული ღვინის დიდი ნაწილს ამერიკული, არგენტინული, ავსტრალიური და ესპანური იაფასიანი ღვინოები შეადგენს. გარდა ამისა, თანდათანობით მატულობს ალბანური, ბერძნული, უნგრული, რუმინული და ბულგარული ღვინის იმპორტი. აღსანიშნავია, რომ ქართული და მოლდოვური ღვინოების მოკვეთის შემდეგ, რუსულ ბაზარზე განთავისუფლებული ამ ნიშის ათვისებით განსაკუთრებით რუმინელები და ბულგარელები დაინტერესდნენ.

მსოფლიოში ცნობილი ვაზის 4000 ჯიშიდან 450 საქართველოში აბორიგენული სახეობაა. მათგან 62 ჯიში შეტანილია სტანდარტულ ასორტიმენტში, - 29 საღვინე და 9 სუფრის. გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.

აბორიგენული ვაზის ჯიშების გარდა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავრცელებული არის შემოტანილი ვაზის ჯიშები: ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე სოვინიონი, შასლა, ხალილი. რომლებმაც მეორე სამშობლო ჰპოვეს უძველეს ქართულ მიწაზე.

ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზის მოვლისა და ღვინის დაყენების კულტურა და ტრადიცია. შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და ნახევრად ტკბილი, სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების დამზადების ტექნოლოგიური ხერხები.

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მაღალხარისხიანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის. რომლის თავისებურებათა მიხედვით ქვეყნის ტერიტორია ორ მაკროზონად იყოფა: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ.

კასპიის ზღვისკენ დაქანებულ აღმოსავლეთ საქართველოს - კახეთს (შიდა და გარე კახეთი) და ქართლს (ქვემო, შუა და ზემო ქართლი) ახასიათებს ზომიერი კონტინენტალური, მშრალი, სუბტროპიკულში გარდამავალი ჰავა.

შავი ზღვის გავლენის ქვეშ მოქცეულ დასავლეთ საქართველოს - იმერეთს (ქვემო, შუა და ზემო იმერეთი), რაჭა-ლეჩხუმს, გურიას, აჭარას, სამეგრელოს და აფხაზეთს ახასიათებს ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი.

საქართველოს ვენახების 65-70% გაშენებული არის უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონში კახეთში. აქ გამოყოფილია 25-ზე მეტი მიკროზონა, სადაც ტრადიციულად იწარმოება წარმოშობის ადგილის დასახელების ისეთი ცნობილი ღვინოები, როგორიცაა: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჯაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი და სხვა.

საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები მდებარეობს მდინარეების - ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ტყის ყავისფერ, მდელოს ყავისფერ, რუხ ყავისფერ (წაბლა), ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა, მდელოს შავმიწისებრ და ალუვიურ ნიადაგებზე.
http://aladasturi.blogspot.com/
საქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა თავის საწყისს საუკუნეთა სიღრმეში იღებს: ყურძნის წიპწების და ვაზის სხვა ორგანოების ნაშთების მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები, მევენახეობასთან დაკავშირებული სამეურნეო ყოფის ეთნოგრაფიული და არქიტექტურული ძეგლები; ველური ვაზის - კულტურული ვაზის უშუალო წინაპრის გავრცელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ადგილობრივი ვაზის ჯიშმრავლობა იმის დასტურია, რომ ჩვენი ქვეყანა ვაზის წარმოშობისა და გაკულტურების ერთ-ერთ უძველესი კერაა მსოფლიოში. ეს ფაქტი, დღეს აღიარებულია როგორც ქართველი, ასევე მრავალი უცხოელი მკვლევარის მიერ.
ვაზის ჯიშების ხნოვანება/სიძველე: სწორედ დიდი სიძველის და შემორჩენილ ხელნაწერთა მცირე რაოდენობის გამო, დღეს არსებული ვაზის ჯიშების ზუსტი ხნოვანების დადგენა გაძნელებულია. აკად. ივანე ჯავახიშვილი ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე რქაწითელის არსებობას I-V საუკუნეებში ვარაუდობს, ხოლო ხიხვს რქაწითელზე ძველად თვლის; აკად. სოლომონ ჩოლოყაშვილი ჩატარებული აგრონომიულ-ისტორიულ-ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე მიდის იმ დასკვნამდე, რომ XII საუკუნეში უკვე არსებობდნენ ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, ბუდეშური, ჩინური და სხვა. სულხან-საბა ორბელიანს (XVII.) "სიტყვის კონაში" შეტანილი აქვს ჯიშები ბუდეშური, კამური, კიჩირი და ქველოური; ვახტანგ VI (XVII .) "დასტურლამაში" იხსენებს საფერავს; ვახუშტი - ჯიშ ზერდაგს.
ვაზის ქართული ჯიშების სიმრავლე: საქართველო უნიკალურია იმით, რომ აბორიგენული ჯიშების საერთო რაოდენობა, . კეცხოველის, . ტაბიძისა და . რამიშვილის "საქართველოს ამპელოგრაფიის" (1960) მიხედვით 525 დასახელებას შეადგენს და ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში.
ეს ჯიშური მრავალფეროვნება, ხანგრძლივი ხალხური სელექციის შედეგადაა შექმნილი სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონებში, განსაკუთრებულ ნიადაგურ-ეკოლოგიურ პირობებში და წარმოდგენილია საღვინე, საღვინე-სასუფრე და სასუფრე ფერად და თეთრყურძნიანი ჯიშების ერთობლიობის სახით.
ვაზის ქართული ჯიშების შეგროვება კოლექციებში (ისტორია): საქართველოს ვენახებში, სხვადასხვა მიზეზების გამო დღეს უკვე აღარ გვხვდება ყველა 525 ჯიში, თუმცა მათი შეგროვება-შენარჩუნების, შესწავლის და შემდგომი გამოყენების მიზნით ცვალებადი ეკოლოგიური და საბაზრო პირობების გათვალისწინებით აუცილებელია. ამჟამად დაცვის აპრობირებული ფორმა არის მინდვრის კოლექცია, სადაც თითოეული ჯიში რამდენიმე მცენარით არის წარმოდგენილი.
საქართველოში ვაზის ჯიშების შეგროვება მინდვრის კოლექციებში XIX საუკუნიდან იწყება. 1890 წელს დაარსებულ მევენახეობის საქარის საცდელ სადგურში (აქედან იღებს სათავეებს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობოს ინსტიტუტის ისტორია) . სტაროსელსკის მიერ გაშენებული იქნა იმერული ჯიშების პირველი კოლექცია. საქმიანობა განსაკუთრებით გაფართოვდა XX საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან, როდესაც საქართველოში (. თელავი) დაარსებულმა მევენახეობისა და მეღვინეობის საკავშირო ინსტიტუტმა მოაწყო ექსპედიციები ვაზის ადგილობრივი ჯიშების მოსაძიებლად და შეკრებილ მასალას თავი მოუყარა თელავის კოლექციაში. სამუშაო აკად. . ვავილოვის მიერ დაწყებული გენეტიკური რესურსების შეგროვება-შესწავლის გაგრძელებას წარმოადგენდა მევენახეობაში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ვაზის ქართული ჯიშების მაქსიმალური რაოდენობის გამოვლენა და შეგროვება.
იქედან მოყოლებული, საქართველოში არსებობდა სხვადასხვა სიდიდის კოლექციები, სადაც ქართულ ჯიშებთან ერთად ვაზის უცხოური ჯიშებიც იყვნენ დაცული.            გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში რამდენიმე დიდი (დიღომი, მუხრანი, თელავი, გუდაუთა) და მცირე ქართული ჯიშებისა და ვაზის ველური ფორმების კოლექცია არსებობდა.
XX საუკუნის ბოლოს საქართველოში შექმნილმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ თავისი უარყოფითი გავლენა იქონია სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კოლექციების მდგომარეობაზე: სრულად განადგურდა გუდაუთის კოლექცია; მოგვიანებით იგივე ბედი ეწია დიღმის კოლექციას; მძიმე ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეიქმნა მუხრანის და თელავის კოლექციებში. საბოლოოდ, მწვავედ დადგა საკითხი ვაზის ქართული გენოფონდის გადარჩენის შესახებ.
Bioversiti international (ყოფილი IPGRI) - ის პროექტი: ახალი საუკუნის დასაწყისიდან საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აღიარებენ ვაზის ქართული გენოფონდის მნიშვნელობას მსოფლიო მევენახეობისათვის, გაეცნენ რა მათი დაცვის რელობას საქართველოში, გამოხატეს ფინანსური მხარდაჭერის სურვილი ქართული საგანძურის გადასარჩენად, რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ ქართველი ხალხის სახელით. აქ უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ინსტიტუტის Bioversiti international (ყოფილი IPGRI) /რომი, იტალია/ სამწლიანი სახელმწიფოთაშორისი პროექტი "ვაზის გენეტიკური რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება კავკასიაში და შავი ზღვის ჩრდილოეთ რეგიონებში", რომელიც ოფიციალურად გაიხსნა თბილისში 2003 წლის შემოდგომაზე. პროექტს კოორდინირებს Bioversiti international-ის ევროპის ოფისი (დირექტორი დოქტ. . ტუროკი) და აფინანსებს ლუქსემბურგის მთავრობა. სამეცნიერო პარტნიორებად წარმოდგენილია: მილანის უნივერსიტეტი, გაბრიელ ლიპმანის სახელობის სამეცნიერო ცენტრი (ლუქსემბურგი), რომის არქეობოტანიკის ლაბორატორია, ევროპის თანამშრომლობის პროგრამა მცენარეთა გენეტიკური რესურსების ქსელებისათვის (ECP/GR). პროექტს ახორციელებს ექვსი ქვეყანა: აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა და მოლდავეთი.
პროგრამის მიზანია ვაზის ადგილობრივი გენეტიკური რესურსების იდენტიფიკაცია, მობილიზაცია, კონსერვაცია და გამოყენება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მევენახეობის მდგრად განვითარებას ქვეყანაში. პროექტი ითვალისწინებს ვაზის ადგილობრივი ჯიშების და ველური ვაზის ფორმების შეგროვებას, დაცვას, აღწერას და შესწავლას თანამედროვე მეცნიერულ დონეზე; ერთობლივი კვლევების ჩატარებას, ადგილობრივი გენოფონდების პოტენციალის წარმოჩინებას, ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირებას და სხვა.
ვაზის კოლექციები: ვაზის ქართული გენოფონდის მნიშვნელობიდან გამომდინარე, Bioversiti international-ის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ქართული ჯიშების ახალი კოლექციის გაშენების შესახებ, მათი დაცვისა და შემდგომი მეცნიერული შესწავლისათვის. ამ მიზნით ახალი კოლექციის გაშენება დაიწყო ინსტიტუტის ვაშლიჯვრის ექსპერიმენტულ ბაზაზე. პირველი ნარგაობა 2003 წელს დაფუძნდა, იმ დროს საქართველოს ძველ კოლექციებში (დიღომი, მუხრანი, თელავი) ჯერ კიდევ არსებული, მაგრამ დაკარგვის საფრთხის ქვეშ მყოფი 218 ჯიშით. 2004-2005 წელს აქვე დაირგო იტალიის და მოლდავეთის მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული, მათ კოლექციებში დაცული ქართული ჯიშები, რომლებიც საქართველოში უკვე აღარ არსებობდნენ. 2005 წლის ბოლოს უკრაინის ვაზისა და ღვინის ეროვნული ინსტიტუტიდან "მაღარაჩი" (იალტა) საქართველოში დაბრუნებული იქნა ასევე უსასყიდლოდ გადმოცემული 45 ქართული ჯიში.
საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზის კოლექციები, ჩვენი ევროპელი პარტნიორი ორგანიზაციებისათვის წარმოადგენს ამოსავალ პუნქტს, სადაც ხორციელდება გენოფონდის ახლებური შესწავლა და აღწერა ამპელოგრაფიის, მოლეკულური გენეტიკის მეთოდების გამოყენებით, მიკრომეღვინეობის თვალსაზრისით, რაც საშუალებას იძლევა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეფასებული იქნეს ვაზის ქართული ჯიშების პოტენციალი, გენეზისი მსოფლიო გენოფონდთან კავშირში, ვაზის მცენარის წარმოშობა-გაკულტურების საკითხში.
ვაზის ქართული ჯიშების შესწავლა: ვაზის ქართული ჯიშების მეცნიერული შესწავლა სათავეს XIX საუკუნიდან იღებს .კოლენეტის (1845) მიერ გამოქვეყნებული ჯიშების აღწერით. აქედან მოყოლებული დღემდე ძნელია იმ მკვლევართა ზუსტი რიცხვის ჩამოთვლა, რომლებიც ვაზის ქართული ჯიშების შესწავლით იყვნენ დაკავებული ჩვენთან თუ საზღვარგარეთ. ასევე გრძელია სია სამეცნიერო დაწესებულებისა, რომელთა შორის საქართველოში მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტია ლიდერი, თავისი საცდელი სადგურებით. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში ვაზის ქართული გენოფონდის გამოკვლევას იწყებს მილანის უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი (იტალია): 150 ქართული ჯიში და 10 ველური ფორმა უახლესი მეთოდების გამოყებით იქნა შესწავლილი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკის .მაღრაძის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.
მიღებული შედეგები წარდგენილი იქნა .უდინეში (იტალია) ჩატარებული ვაზის გენეტიკასა და სელექციის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე (2006.).
მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით ვაზის ქართული ჯიშების და ველური ფორმების კვლევა გააგრძელდა საფრანგეთის მონპელიეს კვლევით ცენტრში, ფრანგულ-კავკასიური პროექტის EKO-NET-ის ფარგლებში (2007 .), სადაც ჩვენი თანამონაწილეობით შესწავლილი იქნა 100 ჯიში და ველური ფორმა.
კვლევის შედეგები ასახვას ჰპოვებს ვაზის ქართული ჯიშების ამპელოგრაფიულ და გენეტიკურ დახასიათებაში, ჯიშების ახალ კლასიფიკაციაში, ვაზის კულტურის წარმოშობის და მსოფლიოში გავრცელების შესწავლის საქმეში.
მილანის უნივერსიტეტის მიერ იტალურ ენაზე გამოცემული იქნა ამპელოგრაფია, სადაც შეტანილია ვაზის 44 ქართული ჯიშის სრული აღწერილობა, ხოლო 115 ჯიში წარმოდგენილია ფოტოსურათების სახით.
ვაზის ქართული ჯიშების მონაწილეობა სელექციურ პროგრამებში: XX საუკუნის ქართველ სელექციონერთა მუშაობის შედეგად ძველი ქართული ჯიშების მონაწილეობით გამოყვანილი იქნენ ახალი სელექციური ჯიშები და საძირეები, გამოყოფილნი იქნენ მაღალპროდუქტიული კლონები, რითაც გამდიდრებულია ვაზის ქართული გენოფონდი. მაღალხარისხოვანი ქართული აბორიგენული ჯიშები - საფერავი, რქაწითელი, თავკვერი, ხარისთვალა, კოლხური, ჩინური, მწვანე კახური, მხარგრძელა, ხიხივი, გორულა, ალმურა შავი, ქისი, ქართული თითა - სხვა ქვეყნის სელექციონერებმაც ფართოდ ჩართეს თავიანთ სასელექციო პროგრამებში.
ვაზის ქართული ჯიშების მომავალი ჩვენი ქვეყნის მევენახეობაში: ძველი ქართული ჯიშები არ არის მხოლოდ წარსულის ნაშთი, ეს არის საქართველოს მევენახეობის აწყმო და მომავალი. საქართველოს კანონის "ვაზისა და ღვინის შესახებ" მიხედვით დღეისათვის საქართველოს მევენახეობის რაიონებში რეკომენდირებული 34 საღვინე ჯიშიდან 27 (79.4%) ძველი ქართული ჯიშია /ავასირხვა, ალადასტური, ალექსანდროული, გორული მწვანე, კაპისტონი თეთრი, კაჭიჭი, ქისი, კრახუნა, მწვანე კახური და მისივე კლონი N12, მუჯურეთული, ოცხანური საფერე, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, საფერავი - მისივე კლონი N359, საფერავი ბუდეშურისებრი, თავკვერი, უსახელოური, ციცქა, ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა, შავკაპიტო, ჩინური, ჩხავერი, ხიხვი,/; 13 სასუფრე ჯიშებს შორის 8 ჯიში (57.2%) ძველი და ახალი ქართული სელექციური ჯიშებია; რეკომენდირებულია აგრეთვე სამი საძირე, გამოყვანილი რქაწითელისა და ხარისთვალა შავის მონაწილეობით.
ვაზის ქართული ჯიშების მნიშვნელობა და აღიარება: ვაზის ქართული ჯიშები არის ქვეყნის, ერის, ყველა ქართველის მონაპოვარი და საკუთრება. პროფ. რევაზ რამიშვილი მათ "ისტორიის ცოცხალ ძეგლებს" უწოდებდა. ცნობილი ქართველი მეცნიერი მაქსიმე რამიშვილი წერდა: "...რქაწითელის, საფერავის, თავკვერის, ცოლიკურის, ოჯალეშის ჩხავერის, ალექსანდროულის და სხვათა შექმნაზე იმდენი შრომაა გაწეული, რამდენიც სვეტიცხოვლის, გელათის, გრემის, იყალთოს და სხვა ისტორიული ქმნილებების აღმშენებლობაზე. ჩვენი ვალია დავიცვათ, განვავითაროთ და მომავალ თაობებს შევუნახოთ ისინი".
მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი ის ერთადერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა ქვეყანაში, რომელიც ახორციელებს ეროვნული მნიშვნელობის პროექტს - უნიკალური ქართული ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობების შენარჩუნება-გაფართოებას; ინსტიტუტის რეგიონალურ საცდელ-საკონსულტაციო ცენტრებში (თელავი, გორი და ზესტაფონი) განთავსებას, მათ მუდმივ ადგილზე დამკვიდრებას; რათა ზიანი არ მიადგეს ქვეყნის ძირძველი და დღევანდელობისათვის უმნიშვნელოვანეს დარგებს, საქართველოს ბიომრავალფეროვნებას, როგორც ქართული ეკონომიკისა და ცივილიზაციის განუყოფელ კუთვნილებას. ქართული ღვინის წარმოების და ხარისხის გაუმჯობესების უკიდეგანო სანედლეულო ბაზას.
 http://vinoge.com/qarTuli-Rvino/vazis-qarTuli-genofondi-erovnuli-saganZuria